მასტერლიგის გათამაშება და ჩხოროწყუელთა შედეგები

18, 19 და 20 ივლისს, ზუგდიდში, რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე, გაიმართა მასშტაბური სპორტული ფესტივალი — ბეთლაივ მასტერ ლიგა 7×7, რომელსაც 7×7 ფეხბურთის ასოციაციამ მაღალ დონეზე ორგანიზება გაუწია. ჩვენი გუნდი, ჩხოროწყუ-ჭოღა, ტურნირში მთელი გულით, ენერგიითა და თავგანწირვით მონაწილეობდა. ყოველი თამაში ნამდვილი სპორტული ბრძოლა იყო.

ბოლო შეხვედრა — დაუვიწყარი ფინალი, დაძაბულ და დრამატულ პენალტებამდე მივიდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში 14:15 დავმარცხდით და მეორე საპრიზო ადგილი დავიკავეთ.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს პროფესიონალიზმისთვის და მეგობრული გარემოსთვის, განსაკუთრებით ასოციაციის ხელმძღვანელს აკაკი ხლაბუსტოვს და ლაშა ჭეიშვილს, რომელთა დაუღალავმა შრომამ სამართლიანი და დაუვიწყარი ტურნირი შექმნა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4000 ლარს შეადგენდა, თუმცა ჩვენთვის ამ ფესტივალმა ბევრად მეტი მოიტანა — გამოცდილება, სიამაყე, ახალი მეგობრობა და დაუვიწყარი ემოციები. გულშემატკივრებიც და მონაწილე გუნდებიც დაჯილდოვდნენ მრავალფეროვანი პრიზებითა და საჩუქრებით სპონსორებისგან, რაც ამ დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

და ბოლოს, სასიხარულო ამბავი: ბუტა ჩიქოვანი, ჩვენი გუნდის გმირი კარში, დასახელდა ტურნირის საუკეთესო მეკარედ. მისმა სიმშვიდემ, სიზუსტემ და თავდადებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩხოროწყუ-ჭოღას წარმატებაში. ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალ ტურნირებში.

თეა ტყებუჩავას ინფორმაცია